საქარათველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად, ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთებზე, პროექტის დეტალების განხილვის მიზნით, იმყოფებოდნენ.
პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით და ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობას, მათ შორის 8 კმ-მდე გვირაბისა და მდინარე ჭოროხზე 1.47 კმ სიგრძის ხიდის მოწყობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25-30 წუთით შემცირდება.
ბათუმი–სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნოემბერში გამოაცხადა.




