გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გაიმართა.
შემაჯამებელ შეხვედრას, რომელიც სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირები, მოსახლეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ მიმართა და კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონის მომზადების მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროცესში პარლამენტის ჩართულობაზე ისაუბრა.
კანონპროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს პარლამენტის როლი კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის შესასრულებელ ღონისძიებებზე, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილში, ასევე დეკარბონიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ჩარჩო კანონი უპასუხებს ყველა იმ ვალდებულებასა და გამოწვევას, რომელიც საქართველომ კლიმატის ცვლილების საკითხებზე და სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების მიერთების კუთხით აიღო.
კლიმატის ცვლილების პროცესები ძალიან დაჩქარებულია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების პარალელურად, კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც რეგიონების და საზოგადოების მხრიდან მაღალი ჩართულობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ განხილვის მონაწილეებს სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიმართეს.






