ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ნანი კირკიტაძის სახელობის მე-10 საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში გოგონათა შორის, ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა (2008 – 2010 და 2011 -2013 წწ -იანი).
ტურნირში მონაწილეობა საქართველოს 16 რეგიონიდან ჩამოსულმა 120-მა სპორტსმენმა მიიღო. შეჯიბრება 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, წარმატებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და თასებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ დააჯილდოვეს.
ტურნირის ფარგლებში გაიცა სპეციალური ჯილდო ნანი კირკიტაძის სახელობის თასი, რომელიც საუკეთესო სპორტსმენს ორგანიზაცია “მზის სხივების” წევრ ნინო ჭანტურიძეს გადაეცა.
ნანი კირკიტაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია სამბოში. ის მრავალი წელია მუშაობს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში მწვრთნელად, მისი პროფესიული მიღწევებისა და დამსახურების გამო ტურნირს მისი სახელი ეწოდა.
მსგავსი ტიპის შეჯიბრებები ხელს უწყობს სპორტის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
დაჯილდოების ცერემონიაში ასევე, მონაწილეობა მიიღეს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობამ.















