ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა მინდია დიასამიძემ, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა დიდმანიძემ და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ერგეს საჯარო სკოლა მოინახულეს.
ადგილზე შეხვდნენ სკოლის დირექციის წევრებსა და მასწავლებლებს, გააცნეს პროექტი და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ერგეს სკოლის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით.
სკოლის რეაბილიტაციის პროცესში შეიცვლება სახურავი, ფასადი სრულად შეიფუთება საფასადე ფილებით. განხორციელდება შენობის მთლიანი გარე და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიცვლება კარები და ფანჯრები, მთლიანად შეიცვლება კომუნიკაციები. კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოეწყობა სახანძრო სიგნალიზაცია.
სკოლის სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ ალტერნატიულ მისამართზე, მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
პროექტის საერთო ღირებულება 3 200 000 ლარია.





