აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 56 ოჯახს დაეხმარება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 56 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. მათ შორის 5 ხანძრის და 51 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარების საკითხი.
სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 601 405 ლარი გამოეყოფათ.
„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის წევრებმა 56-ვე საკითხზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, დახმარება გაეწევა:
– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 3 ოჯახს:
– ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 17 ოჯახს;
– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 15 ოჯახს;
– ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 13 ოჯახს;
– შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 7 ოჯახს;
– ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ – 1 ოჯახს.
გასულს წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს.





