ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სახელოვნებო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამუსიკო სკოლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო სკოლებში სასწავლო პროცესისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო კარგი შემოქმედებითი გარემოს შექმნას.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც პედაგოგებსა და დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, რაც მომავალში დაგეგმილი სიახლეების განხორციელებისას იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრი და ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

















