ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინდია დიასამიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, წარმოდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი კერძებისა და სხვადასხვა ნივთების გამოფენა. მიმდინარეობს სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების მიერ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
დღის განმავლობაში გაიმართება საზეიმო კონცერტი, ხოლო 17:10 საათზე, შესრულდება საქართველოს ჰიმნი და საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება კონცეფციით – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“.


