ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ სალიბაურში, მინი სპორტული მოედნისა და გასართობი საზოგადოებრივი სკვერის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, მოეწყობა ახალი მინი სპორტული მოედნი, სექციური ღობე, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი. სკვერში დაირგვება მწვანე ნარგავები, განთავსდება მოსასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, გარე განათების ქსელი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სოფელში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსახლეობისათვის თანამედროვე, საზოგადოებრივი სივრცის შექმნას.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მერიის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.
















