ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ სარფში ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ლაზი მხატვრისა და პოეტის ჰასან ჰელიმიშის მდიდარი შემოქმედება, რომელიც მუზეუმშია დაცული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვანის ნამუშევრებს, რომლებშიც ნათლად არის ასახული ლაზეთისა და აჭარის ყოფითი ცხოვრების სურათები, რაც მის შემოქმედებას გამორჩეულ ავთენტურობასა და ხალხურ ხასიათს სძენს.
აღსანიშნავია, რომ ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ისე სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ვიზიტისას ხაზი გაესვა მხატვრის შემოქმედების სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.












