ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მოქმედი მეწარმე ქალების დაჯილდოების ცერემონია და პროგრამა „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერება“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: “მცირე მეწარმეობის განვითარების, დასაქმების ხელშეწყობისა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.” მერმა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედი მეწარმე ქალი დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ფრიდონ ფუტკარაძე და მინდია დიასამიძე, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ “პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარა და აქტიურ ქალბატონებს ამ საინტერესო საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა”.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერება“ პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან წარმატებით ხორციელდება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, მათი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება.
პროგრამის განხორციელების პერიოდში უკვე დაფინანსებულია 39 დამწყები ქალი მეწარმე. აღნიშნული შედეგი წარმოადგენს არა მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებელს, არამედ წარმატებულ ისტორიებს, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნას.
















































