დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე ტატო გრიგალაშვილს საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი მიულოცა და მონაწილე პარაოლიმპიელებს წარმატებები უსურვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წლევანდელ ოლიმპიადაზე წარმოადგენენ.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან ერთად, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებისთვის დაწესებული პრიზები გაორმაგებულია აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, მაღალმთიან აჭარაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება. ყველა უწყებას მოუწოდა მაქსიმალური ჩართულობისკენ, რათა რეგიონმა ღირსეულად უმასპინძლოს მნიშვნელოვან დღესასწაულს.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ბათუმის დაფინანსება, როგორც მზარდი ქალაქის, არის ყველაზე დიდი, 200 მლნ ლარზე მეტი.
ბათუმი წარმატებით მასპინძლობს ტურისტულ სეზონს. აჭარაში განხორციელებული ვიზიტების ჯამური რაოდენობა მიმდინარე პერიოდისთვის შეადგენს 1 304 389 ვიზიტს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +7.5%-ით.
დასრულდა „ოცნების ქალაქის“ პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს 1000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობას ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და წელს უკვე შესაძლებელი იქნება მშენებლობის დაწყება. ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე 40 000 კმ ახალი წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი მოეწყო. ჯამში, ბათუმის ბიუჯეტის სუბსიდირებით მოხდება 9300 ოჯახის 24 სთ წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასთან ერთად გამოწვევად იქცა გაზრდილი ნაკადები. შესაბამისად, საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საპარკინგე სივრცეებზე. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის იქნება უფასოდ დათმობილი.
,,აქტიურად ვმუშაობთ ახალი მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე. ქალაქის განვითარებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ჯეროვანი ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ საკითხს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რეგიონში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი პროგრამის – „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების“ განხორციელება იწყება. პროგრამა ითვალისწინებს, აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მატერიალური დახმარების გაწევას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ასევე, პირველი აგვისტოდან იზრდება ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარება




