ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა აქამდე არ მოიხმარდა.
გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი გაეცნენ.
ამჟამად, გაზიფიცირების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაჭახლისპირში, სინდიეთში, აჭარისაღმართში, ქვედა ჩხუტუნეთსა და ჩიქუნეთში მიმდინარეობს, სადაც ჯამურად 65,565 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება, რაც 360 ადგილობრივ აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გარდა, გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმატებით ხორციელდება ქედის, შუახევისა და ხულოს დასახლებებშიც.
გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2013-2024 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირდა 828 დასახლებული პუნქტი და 199 250 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული.





