დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ლუარა დუმბაძე უძღვებოდა, რომელმაც საბჭოს წევრებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბჭოს მიზნებსა და ამოცანებზე, მათ შორის ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის ხელშეწყობაზე, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერასა და მის განხორციელებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
სხდომაზე მთავარ საკითხად განიხილეს სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოს საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრას. განხილვის პროცესში გამოიკვეთა ძირითადი მიმართულებები, ამოცანები და განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას ადგილობრივ დონეზე.









