ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
შეხვედრის მიზანი იყო დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკა, სამართლებრივი ჩარჩო, მოქმედი მართვის მოდელი და პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
შეხვედრის მეორე დღე დაეთმო მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გასვლით ვიზიტს, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.





















