ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ედნარ ნატარიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.
სამუშაოების დათვალიერებისას, მერი, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები.
სოფელ ზანაქიძეებში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია დამცავი ხელოვნური ნაგებობა და მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლებიც გზიდან ზედაპირული წყლების გადინებას უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
პარალელურად, ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა 1,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთზეც ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს.















